გრიგოლეთი — კურორტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 3მ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2 თბილისი-ფოთი-ბათუმი.

          გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნეტიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი, მცირე მოშორებით კი -- პალიასტომი, ცნობილი საინტერესო თევზაობით. 20-წუთიანი მგზავრობის მანძილზე ფუნქციონირებს ყველანაირი ატრაქციონების გასართობი კომპლექსი „ციცინათელა".